ჭიათურის მერიასთან ღია კარიერის წესით მადნეულის მომპოვებელი კომპანიების წარმომადგენლები აქციას მართავენ
ჭიათურის მერიასთან ღია კარიერის წესით მადნეულის მომპოვებელი კომპანიების წარმომადგენლები აქციას მართავენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან იმ კომპანიების წარმომადგენელთა აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ჭიათურასა და მიმდებარე სოფლებში მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ორი დღის წინ საქმიანობის უფლება შეუჩერდათ, რის შედეგადაც ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. მათი თქმით, აქციის მონაწილეებს შორის არიან ის მძღოლებიც, რომელთაც მადნეული ავტომობილებით გადაჰქონდათ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჭიათურის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. მადნის გადატანა მხოლოდ სარკინიგზო ხაზით არის შესაძლებელი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ საქმიანობის უფლება არ აღუდგებათ, აქციებს გააგრძელებენ.

საშუამავლო კომპანია „მანგანუმლოჯისტიკის“ ხელმძღვანელის, ნოდარ მიქაბერიძის თქმით, კონტრაქტებს ვადა გაუვიდა და კომპანია მზად არის, დღესვე გააფორმოს ხელშეკრულებები იმ კომპანიებთან, რომლებიც შესაბამის განაცხადს შეიტანენ.