ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება
ჭიათურაში მაღაროელების აქცია გრძელდება

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია გრძელდება. მათი მოთხოვნებია ხელფასების დარიგება, საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლება, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურიდან გასვლა და გამოძიების ფარგლებში მისი საქმიანობის შესწავლა.

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ჭიათურის საწარმოების ახალ მმართველს, მიხეილ სოცკის ქალაქში არ შეუშვებენ. აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ და მეუფე დანიელთან სურთ შეხვედრა.

ამ დროისთვის ჭიათურაში აქციის რვა მონაწილე შიმშილობს.

ამასთან, ჭიათურაში 28 აპრილს ინციდენტი მოხდა. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პერევისას მაღაროდან წამოსული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში“.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტარიელ მიქაცაძემ, რომელმაც განაცხადა:

„მაღაროელებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაღაროს დირექტორმა ნახირი გვიწოდა. ამის შემდეგ მაღაროელები დირექტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა.