ჭიათურაში აქცია „შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“ გაიმართა
ჭიათურაში აქცია „შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“ გაიმართა

„შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“,- ამ მოწოდებით ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივებმა მაღაროების მუშაობით მიყენებული ზარალი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ზარალის სანაცვლოდ კომპენსაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლა მოითხოვეს.

მოსახლეობის თქმით, მაღაროების გამო მათ სოფელს საფრთხე შეექმნა, დაზიანდა სახლები და ზარალს არავინ უნაზღაურებთ.

მათ ოცდამეერთე დღეა, მაღაროების ნაწილი პიკეტირებული აქვთ და მოთხოვნების შეუსრულებლობამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მოსახლოებამ დღეს მერიის წინ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და ხელისუფლებას პრობლემების დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ოცდამეერეთე დღეა პიკეტირებულია მაღაროების ნაწილი, არ ვაპირებთ პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აგვინაზღაურონ ზარალი ან კომპანიამ, რომელიც გვაზარალებს, მუშაობა შეწყვიტოს. მივმართავთ ხელისუფლებას, დაგვეხმარონ. თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარება, სოფელი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ასევე მერიის წინ კარვებს გავშლით“ ,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტია „თავისუფალმა საქართველომ“.

აქციის მონაწილეებს უპასუხეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები განახლდა.

აკაკი გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ სოფელ შუქრუთში სამუშაოებს ექსპერტები აწარმოებენ, მოხდება ზარალის შესწავლა და ყველა პირი, ვინც დაზარალებულია, კომპანიის მიერ შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

„განახლდა მოლაპარაკებები, მიმდინარეობს კონსტრუქციულ რეჟიმში. კომპანიას აქვს კომპენსაციის კონკრეტული სქემა შეთავაზებული, რომელიც ექსპერტების მიერ არის შემუშავებული, მეტწილად არის გაზიარებული და ახლა დეტალებზე მიდის მუშაობა. ეს დღეები სპეციალური მმართველი იყო ასული სოფელში, დაათვალიერეს სახლები, ეს პროცესი იმედია, მალე დასრულდება. ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ გავაჟღერებთ, დაველოდოთ. კომპანიას აქვს გაცხადებული ცალსახად, რომ ყველას, არა მარტო შუქრუთში, არამედ, სადაც კომპანია ოპერირებს და მიადგა ზარალი ან მიადგება, სრულად აუნაზღაურებს შემუშავებული სქემის მიერ, რომელიც იქნება სამართლიანი“ ,- განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა.