ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება
ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ ხერხდება. ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარი 4 აპრილის შემდეგ მძვინვარებს. 13 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ ცეცხლი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლის ლოკალიზების დროს ერთი მეხანძრე დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ამჟამად ხანძარი კონტროლს ექვემდებარება, რასაც ხელი წვიმამაც შეუწყო.

ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 415 ადამიანი და 98 ერთეული სპეცტექნიკა, მათ შორის თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კიევსა და კიევის ოლქში რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში რჩება.

დღესვე ჩერნობილის აკრძალულ ზონაში სიტუაციის შესახებ, საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ანგარიშს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოისმენს.

როგორც ცნობილია, ჩერნობილში ცეცხლის განზრახ და დაუდევრობით გაჩენის ბრალდებით პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.