ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია | თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ ბრძოლას განაგრძობს, მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ ევროპალიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ შინ ბულგარული „ლევსკი“ მიიღო და ფრეს დასჯერდა 2:2.
პირველი შეხვედრა სოფიაში ბულგარეთის ჩემპიონმა 1:0 მოიგო და რუმინეთის საუკეთესო გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. მაგრამ „ლევსკიმ“ საპასუხო მატჩიც შესანიშნავად დაიწყო და მე-16 წუთისთვის 2:0 დაწინაურდა. საბოლოოდ კრაიოველებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და გუნდი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს. მექვაბიშვილმა მასპინძელთა შორის 78 წუთი ითამაშა.
წარმატებული გამოდგა „კაუნო ჟალგირისის“ გამოსვლა, რომელმაც ფარერების კუნძულის „კლაკსვიკი“ საშინაო არენაზე 1:0 დაამარცხა და რადგან პირველი მატჩი 0:0 დაასრულა, მესამე ეტაპზე გავიდა. ანტონ თოლორდავამ ლიეტუვის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.