ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია | „იბერია“ „მალმესთან“ დამარცხდა და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ განმეორებით მატჩში შვედეთში „მალმეს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართული პირველი მატჩი შვედეთის ჩემპიონმა 3:1 მოიგო და „მალმე ნიუ სტედიუმზე“, ცხადია, ფავორიტად, „მალმე“ ითვლებოდა.
თუმცა პირველი ტაიმი საქართველოს ჩემპიონის უპირატესობით მიმდინარეობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც ვიხილეთ. შვედები ფრთხილობდნენ და იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, მაგრამ შესვენებამდე უგოლო ფრე დაფიქსირდა.
მეორე ტაიმი ჩვენი ჩემპიონისთვის გაცილებით უარესი გამოდგა: 55-ე წუთზე ტაჰა ალიმ „იბერიის“ მცველის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაიხსნა. ხუთ წუთში „მალმეს“ კაპიტანმა, პონტუს იანსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 62-ე წუთზე კი მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის თბილისელთა კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი გააძევა. ბოლო წუთებზე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს: 89-ე წუთზე ტაჰა ალიმ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე ამირან ძაგანიამ დააფიქსირა.
3:1 მასპინძელთა სასარგებლოდ.
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ახლა თამაშს კოფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს, სადაც ლატვიურ რფს-სთან დამარცხებულ ესტონურ „ლევადიას“ შეხვდება.