ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი თანხა „პარი სენ-ჟერმენმა“ გამოიმუშავა. პარიზელები გარანტირებულად მიიღებენ 85.6 მილიონ ევროს, თუნდაც მერვედფინალურ ეტაპზე ორივე მატჩი წააგონ.
„პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი ადგილი დაიკავა H ჯგუფში. თომას ტუხელის გუნდმა ოთხი მატჩი მოიგო, ორჯერ წააგო და 12 ქულა დააგროვა.
ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილე უეფასგან იღებს მინიმუმ 15.25 მილიონ ევროს. თითოეული მოგება ჯგუფში ფასდება 2.7 მილიონ ევროდ, ფრე – 0.9 მილიონად. მერვედფინალში გასვლისთვის გუნდი იღებს 9.5 მილიონ ევროს.
ასევე არსებობს 10-წლიანი ისტორიული რეიტინგი. მისი არსი იმაშია, რომ 585 მილიონი გადანაწილდება 32 გუნდს შორის 10-წლიან საკლუბო რეიტინგში მათი პოზიციების მიხედვით. რაც უფრო წარმატებით გამოდიოდა კლუბი გასულ ათწლეულში, მით მეტი თანხა ერგება.
გარდა ამისა, ასევე არის მარკეტინგული და სატელევიზიო შემოსავლები, რომელიც ყალიბდება, პირველ რიგში, თითოეულ ქვეყანაში რეალიზებული სატელევიზიო კონტრაქტის ღირებულების მიხედვით. შესაბამისად, თითეული ქვეყნისთვის ის განსხვავებულია. რაც უფრო ძვირად გაყიდის უეფა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგის ჩვენების უფლებას, მით მეტ თანხას მიიღებენ ადგილობრივი კლუბები.