ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო, დაკავებულია, სულ მცირე, 427 ადამიანი
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. პსჟ-ისა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა ფინალს პარიზში, პსჟ-ის სტადიონზე, „პარკ დე პრენსზე“, დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვანდალიზმის ბრალდებით, სულ მცირე, 427 ადამიანი დააკავეს.
ფრანგმა სამართალდამცველებმა შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია Foot Locker-თან გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არეულობა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. გრენობლში მანქანა გულშემატკივრებში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც. სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია, დამნაშავეს ჯერ კიდევ ეძებენ.