ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს პარიზში 5 400 პოლიციელი განლაგდება, – ამის შესახებ პარიზის პოლიციის უფროსმა, ლორან ნუნესმა განაცხადა.
ნუნესის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მიუნხენში ჩატარდება, „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელია პარიზში მყოფი ადამიანების ზეიმი, რაც შეიძლება, არეულობაში გადაიზარდოს.
როგორც ნუნესმა აღნიშნა, ლივერპულში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, სადაც მანქანა ფეხბურთის გულშემატკივრებს დაეჯახა, პარიზის ცენტრში, ცნობილ ღირსშესანიშნაობებთან მოძრაობა შეზღუდული იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ინტერს“ შორის მიუნხენში გაიმართება.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში „პარი სენ-ჟერმენის“ „არსენალთან“ გამარჯვებამ საფრანგეთის დედაქალაქში არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც 47 ადამიანი დააკავეს.