ჩემპიონთა ლიგა | მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს 40 გოლი გავიდა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ძირითადი ფაზის მესამე ტური ცხრა შეხვედრით დაიწყო. პირველ სათამაშო დღეს გუნდებმა, ჯამში, 40 გოლი გაიტანეს. განსაკუთრებული ყურადღება „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებამ მიიპყრო, ხოლო „ლივერპულმა“ და „ნაპოლიმ“ შვიდგოლიან მატჩებში გაიმარჯვეს.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა და კატალონიელთა მიმდინარე სეზონში წაუგებელი სერია შეწყვიტა. პარიზელებიდან გოლები დეზირე დუემ (38), ლუკას ერნანდესმა (72), ვიტინიამ (81) და ფაბიან რუისმა (86) გაიტანეს. სტუმართა მხრიდან თავი ჩავი ესპარტმა (55) და ლამინ იამალმა (79) გამოიჩინეს. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის დასაწყისში ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა 59-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. სამი ტურის შემდეგ პსჟ-ს ცხრა ქულა აქვს.
„ლივერპულმა“ „ენფილდზე“ „ვილიარეალს“ 4:3 სძლია. ესპანური გუნდი გიორგი მიქაუტაძის (4) და სერხი კარდონას (29) გოლებით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს. ალექსის მაკალისტერმა დუბლი შეასრულა (36, 65), თითო გოლი კი რონალდ არაუხომ (45+2) და ფლორიან ვირცმა (68) გაიტანეს. 87-ე წუთზე ტანი ოლუვასეიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ლივერპულმა“ გამარჯვება შეინარჩუნა და მესამე შეხვედრაშიც სამი ქულა მოიპოვა.
„მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე ათენის აეკ-ს 5:1 აჯობა. ინგლისური გუნდის გამარჯვებაში მთავარი წვლილი ფილ ფოდენმა შეიტანა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა (34, 65, 76). თითო გოლი ელიოტ ანდერსონმა (12) და რაიან შერკიმ (57) გაიტანეს, სტუმართა ერთადერთი გოლი კი სტავროს პილიოსის (52) ანგარიშზეა. „სიტიმ“ სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულა დააგროვა.
დაძაბული შეხვედრა გაიმართა ნეაპოლში, სადაც „ნაპოლიმ“ ნორვეგიული „ბოდო/გლიმტი“ 4:3 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებიდან სკოტ მაკტომინეიმ დუბლი შეასრულა (41, 75), ერთი გოლი მატეო პოლიტანომ (1) გაიტანა, ხოლო 89-ე წუთზე ოდინ ბიორტუფტმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმართა მხრიდან თავი იენს პეტერ ჰაუგემ (27), ანდრეას ჰელმერსენმა (63) და სონდრე ბრუნსტად ფეტმა (90+4) გამოიჩინეს.
რომის „რომამ“ საკუთარ მოედანზე ბრატისლავის „სლოვანი“ 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. იტალიური გუნდის უპირატესობა გოლებად მარიო ერმოსომ (21), ნაუელ მოლინამ (39), ნიკოლო პიზილიმ (52) და დონილ მალენმა (58, პენალტი) აქციეს.
„პორტუმ“ საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 0:1 წააგო და მესამე ტურის შემდეგ კვლავ ქულის გარეშე დარჩა. ნიდერლანდურ გუნდს გამარჯვება გუს ტილის მიერ 57-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა.
„შტუტგარტისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. გერმანელები 36-ე წუთზე ჯეიმი ლეველინგმა დააწინაურა, ხოლო 47-ე წუთზე ხულიან ალვარესმა წონასწორობა აღადგინა. 64-ე წუთზე სტუმრებს მორტენ ჰიულმანდი გაუძევეს, თუმცა „შტუტგარტმა“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. გერმანული გუნდი სამი ტურის შემდეგ შვიდი ქულით დაუმარცხებელია.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ აზერბაიჯანში „საბაჰს“ 2:1 სძლია. გერმანელთა ორივე გოლი სერუ გირასიმ გაიტანა (10, 53), ხოლო მასპინძელთა მხრიდან 39-ე წუთზე ადენ მაკარტიმ გამოიჩინა თავი. „ბორუსიამ“ ექვს ქულას მოუყარა თავი.
სტამბოლში „ფენერბაჰჩემ“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და პრაღის „სლავიასთან“ 2:2 ითამაშა. მასპინძლები ოღუზ აიდინმა (4) და მეისონ გრინვუდმა (11) დააწინაურეს, თუმცა ჩეხურმა გუნდმა ლუკაშ პროვოდის (15) გოლით სხვაობა შეამცირა, 90-ე წუთზე კი პაველ კაჩორმა ანგარიში გაათანაბრა და „სლავიას“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოუტანა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის მესამე ტური 21 ოქტომბერს დარჩენილი ცხრა შეხვედრით დასრულდება.