ჩემპიონთა ლიგა - მესამე დიდი ანგარიში „კამპ ნოუზე" დაფიქსირდა
ჩემპიონთა ლიგა - მესამე დიდი ანგარიში „კამპ ნოუზე" დაფიქსირდა

ოთხშაბათის კიდევ ერთ მატჩში “ბარსელონა” “რომას” იღებდა. მეოთხედფინალის ოთხი წყვილიდან მესამეში დაფიქსირდა სამბურთიანი სხვაობა – ესპანეთის ჩემპიონმა 4:1 მოუგო რომაულ კლუბს.

ამ მატჩში კატალონელებს ძალიან დაეხმარნენ მეტოქეები – 38-ე წუთზე “ბარსელონა” “რომას” ვეტერანის დანიელე დე როსის ავტოგოლით დაწინაურდა. 55-ე წუთზე კი მასპინძლებმა ორამდე გაზარდეს ანგარიში კოსტას მანოლასის ავტოგოლის შემდეგ.

ცნობისთვის, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” მეტოქეებს ხუთი ავტოგოლი დაუგროვდათ.

ოთხ წუთში ანგარიში 3:0 გახდა – რომაელთა მეკარე ალისონმა ლუის სუარესის დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჟერარდ პიკემ იოლად გაიტანა.

მე-80 წუთზე ედინ ჯეკომ ერთი ბურთი გაქვითა და მცირე ინტრიგა დაუბრუნა ორმატჩიან დაპირისპირებას, მაგრამ “რომას” დაცვის კიდევ ერთი შეცდომით ლუის სუარესმა ისარგებლა და “ბარსამ” 4:1 მოიგო.

სუარესმა ჩემპიონთა ლიგაზე 13-თვიანი და 11-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.