ჩემპიონთა ლიგა | კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა, ქოჩორაშვილი ნეაპოლში მოედანზე არ გასულა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა, ქოჩორაშვილი ნეაპოლში მოედანზე არ გასულა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი ფეხბურთელების გუნდებიც იღებდნენ მონაწილეობას.

პსჟ „ბარსელონას“ ესტუმრა და საკადრო პრობლემების მიუხედავად, 2:1 გაიმარჯვა. პარიზულ გუნდს ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, ისევე როგორც უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა.

კატალონიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-19 წუთზე ფერან ტორესის გოლით დაწინაურდნენ. 38-ე წუთზე სენი მაილუმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ე წუთზე გონსალო რამუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, პსჟ-მ მეორე ტურის შემდეგ 6 ქულა მოაგროვა და ცხრილში მესამე პოზიციაზეა.

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ „ნაპოლის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. იტალიელთა გამარჯვება რასმუს ჰოილუნის დუბლმა (36-ე და 79-ე წუთები) განაპირობა. ქართველ ნახევარმცველს ამ მატჩში არ უთამაშია.