ჩემპიონთა ლიგა - „იუვენტუსის" განადგურება და რონალდუს რეკორდები [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგა - „იუვენტუსის" განადგურება და რონალდუს რეკორდები [ვიდეო]

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური მატჩები დაიწყო. შარშანდელი ფინალისტების – “იუვენტუსისა” და “რეალის” პირველი მატჩი ტურინელთა მოედანზე გაიმართა და მასპინძელთა სრული კრახით დასრულდა.

მადრიდულმა კლუბმა სამი უპასუხო გოლი გაუტანა სერია A-ს ლიდერს და პრაქტიკულად, ფორმალობად აქცია განმეორებითი მატჩი, რომელიც 11 აპრილს, მადრიდში გაიმართება.

“რეალის” რიგებში დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, კიდევ ერთი გოლი მისი პასით მარსელომ გაიტანა. 66-ე წუთიდან “იუვენტუსი” 10 კაცით თამაშობდა, რადგან მოედნიდან გააძევეს არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა.

კრიშტიანუ რონალდუმ რამდენიმე ახალი რეკორდი დაამყარა. მაგალითად, ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა გოლი. მას ლიგაზე ამ სეზონში, სულ 14 გოლი აქვს და კარიერაში – 119.

რონალდუს უკვე ცხრა გოლი აქვს გატანილი “იუვენტუსის” მეკარისთვის ჯანლუიჯი ბუფონისთვის. ლეგენდარულ მეკარეს არც ერთი სხვა ფეხბურთელისგან არ გაუშვია ამდენი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

და კიდევ, რონალდუმ 95-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც “რეალის” ყოფილი მეკარის იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა.