ჩემპიონთა ლიგა | გვარდიოლა შანსის ხელიდან გაშვებას არ აპრებს, ნეიმარი - თუ საჭიროა, მოედანზე მოვკვდები #1TVSPORT
დღეს, თბილისის დროით 23 საათზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ პსჟ-ს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ინგლისელთა სასარგებლოდ, 2:1 დასრულდა.
მეორე მატჩს „სიტი“ სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. რაც შეეხება პსჟ-ს, მცირე ტრავმა ჰქონდა კილიან მბპეს, თუმცა იგი უკვე ჯანმრთელადაა და სასტარტო შემადგენლობაშიც ითამაშებს. გუნდს ვერ დაეხმარება ტრავმირებული ხუან ბერნატი, ხოლო ინდრისა განა გეიე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტია – „ბაიერნთან“ (0:1) დამარცხდა. „მანჩესტერ სიტის“ კი 1970 წლის შემდეგ ევროტურნირის ფინალში არ უთამაშია. მისი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია. ბოლოს ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად 2011 წელს მოიგო. მას მერე არც ის ყოფილა ფინალში.
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა დეტალურად ილაპარაკა დღევანდელ დაპირისპირებაზე:
„ძალიან გამაკვირვა პსჟ-ს თამაშმა მეორე ტაიმში. გვარდიოლას ვგულშემატკივრობ, მწვრთნელს, რომელმაც უამრავი ტიტული მოაგებინა თავის გუნდებს. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე „სიტი“ გავა. დროა, გვარდიოლამ მიაღწიოს წარმატებას, არა როგორც „ბარსელონას“ მწვრთნელმა, არამედ, როგორც „სიტის“ დამრიგებელმა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ქინქლაძე მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესოდ, ვისაც „სიტიში“ უთამაშია. ამ გუნდთან ქართული ისტორიაც არის დაკავშირებული. ნახევარფინალში „ბარსელონა“ რომ თამაშობდეს, მისკენ ვიქნებოდი, მაგრამ ამ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტის“ ვგულშემატკივრობ“.
მანჩესტერ სიტი: ედერსონი – უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, კანსელო – როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, ფოდენი – დე ბრუინი
პარი სენ-ჟერმენი: ნავასი – ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო – დანილო, პარედესი – დი მარია, ვერატი, ნეიმარი – მბაპე
ნეიმარი (პსჟ-ის ფორვარდი):
„დარწმუნებული ვარ, თითოეულ პარიზელს სჯერა ჩვენი. მანჩესტერიდან გამარჯვებით დაბრუნება შესაძლებელია. პირველი მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მეტოქეს არაერთ კომპონენტში ვაჯობეთ და რაც მეორეში ვაპირებთ უკან დახევას.
ყველაფერს გავიღებ გამარჯვებისთვის. თუ საჭირო გახდება, მოედანზე მოვკვდები“.
პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი):
„ჩემს ფეხბურთელებს განსაკუთრებულს არაფერს ვთხოვ – მხოლოდ გავიდნენ მოედანზე ითამაშონ ისე, როგორც ამას მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებენ. პსჟ არ არის პრემიერლიგის გუნდებზე ძლიერი მეტოქე.
ფეხბურთელების მჯერა, მათ იციან, რომ ეს არის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. პსჟ-სთან პირველი შეხვედრა მოგებული გვაქვს დარჩენილია ერთი ნაბიჯი. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“.