ჩემპიონთა ლიგა | „დინამო“ VS „ნეფთჩი“ - მატჩი, რომელმაც ბევრი შეკითხვა დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | „დინამო“ VS „ნეფთჩი“ - მატჩი, რომელმაც ბევრი შეკითხვა დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დინამო-არენაზე“ თბილისში, ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართა – საქართველოს ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა“ აზერბაიჯანის ჩემპიონს, ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

კახა ცხადაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მომენტების შექმნას ცდილობდა, იყო შორიდან კარის აღების მცდელობაც, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. მე-16 წუთზე ყველაზე რეალური მომენტი შეიქმნა ბაქოელთა კართან – შორეული გადაცემით კარის წინ მარუშიჩი აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და მშვენიერი შანსი დაკარგა.

სტუმრები კონტრშეტევაზე თამაშობდნენ და 23-ე წუთზე თავისი შანსი გამოიყენეს – „დინამო“ ლამის მთელი გუნდით შეტევაში იყო, როდესაც იუსუფ ლავალიმ შორეული გადაცემით თბილისელთა ნახევარზე ნამიკ ალესკეროვი შენიშნა, ის საჯარიმოს მიუხლოვდა, კარიდან გამოსულ როინ კვასხვაძეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა – 0:1.

გოლის შემდეგ თბილისელებმა შეტევა გააძლიერეს, დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს. ჯერ შორიდან ლევან ხარაბაძემ დაარტყა, მერე კი ანალოგიურად კარის აღება გიორგი გაბედავამ სცადა და ორივეჯერ სტუმართა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ერთ-ერთი შეტევისას ფლანგური გადაცემისას თავური ძალიან სახიფათოდ დაარტყა გიორგი კუციამ და ბაქოელები მეკარემ აშკარა გოლისგან იხსნა. გავიდა ორი წუთი და მეკარემ უკვე ბაქარ ქარდავას დარტყმის შემდეგ იყოჩაღა.

მაგრამ თბილისელთა შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო. 36-ე წუთზე, საჯარიმოსთან მილან რადინმა ზორან მარუშიჩს ბურთი დაუგორა და მან უძლიერესი დარტყმით ბაქოელთა კარის ბადე შეარხია – 1:1.

მეორე ტაიმი ქართველთათვის უსიამოვნოდ დაიწყო – მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ემინ მახმუდოვმა დაარტყა და კვასხვაძემ აუღო, არბიტრმა „დინამოს“ მეკარის მოძრაობაში წესის დარღვევა შენიშნა, სტუმრებმა პენალტი მეორედ შეასრულეს და ამ შანსით ისარგებლეს.

66-ე წუთზე ბაქოელთა საჯარიმოში საბა ხვადაგიანი „ნეფთჩის“ მცველმა ისე უხეშად წააქციეს, თბილისელებს ეგონათ პენალტს მიიღებდნენ, მაგრამ მაგრამ ამაზე არბიტრმა თვალები დახუჭა. არადა, ჩვენს კარში დანიშნული პენალტის დროს „დინამოს“ მცველს ასე არ უხეშობა არ გამოუვლენია.

„დინამო“ უტევდა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა. სახიფათო გამოდგა თორნიკე მორჩილაძის შეტევები. მან ორჯერ სცადა ბურთის კარში მოჭრა და ორივეჯერ მიზანს სანტიმეტრებში ააცილა.

88-ე წუთზე თბილისელები ისევ პენალტს ითხოვდნენ, როდესაც მერტ ჩელიკმა საჯარ იმოშ ბურთი მათი აზრით ხელით შეაჩერა. მაგრამ არბიტრმა თამაში ისევ გააგრძელა. 90+2-ე წუთზე ბაქარ ქარავას თაურის შემდეგ სტუმრები ძელმა იხსნა და საბოლოოდ, „ნეფთჩიმ“ 1:2 გაიმარჯვა

ამ მატჩმა ბევრი კითხვა დატოვა. მაგალითად, მსაჯობის გამო. მაგრამ უპირველესად თბილისელთა გამო – „დინამოს“ ორი-სამი ძლიერი ლეგიონერი რომ დაემატებინა, ბაქოელებს თბილისში დაამარცხებდნენ. მაგრამ რაც მოხდა, ასეთია რეალობა. „დინამო“ 20-25-ჯერ დიდი ბიუჯეტის მქონე კლუბს ღირსეულად ეთამაშა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა და დამარცხდა. განმეორებითი მატჩი 14 ივლისს ბაქოში გაიმართება.


„დინამო თბილისი“ – „ნეფთჩი“ 1:2


გოლები: 0:1 ალესკეროვი (23. ლავალის პასით), 1:1 მარუშიჩი (36. რადინის პასით), 1:2 მახმუდოვი (56. პ), ()

07.07.2021. თბილისი. „დინამო-არენა“.

დინამო“: კვასხვაძე – სპორკსლედე (83. ოსეი), ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ხარაბაძე (73. მორჩილაძე) – რადინი, ქარდავა, კუცია (68. ქავთარაძე) – გაბედავა (689. ახვლედიანი), მარუშიჩი

ნეფტჩი“: ა, მამედოვი – მერტ ჩელიკი, მბოჯი, სტანკოვიჩიჰარამიში, მახმუდოვი, კარე, ბუგრენი, ლავალი – ალესკეროვი, მეზა კოლი

მთავარი არბიტრი: დავიდ ფუქსმანი (ისრაელი)

გაფრთხილებები: ლავალი (77)