ჩემპიონის წარმატებული სტარტი - საქართველოს ჩემპიონატი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

სპორტული ცენტრის, „იმედის“ მოედანზე ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო – გახსნის მატჩში ერთმანეთს 2020 წლის ჩემპიონი თბილისის „თბილისი“ და ბათუმის „აჭარა“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.

ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციისგან ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად სპეციალური სპორტული ყავარჯნები გადაეცათ. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრნენ.

ამპუტანტ ფეხბურთელთა რეგულარული ჩემპიონატი პირველად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 2016 წელს გაიმართა და უკვე მეექვსედ ტარდება. მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „თბილისი“ მაისში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რომელსაც წელს თურქეთი უმასპინძლებს. ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება 2019 წელს გაიმართა და მას საქართველომ უმასპინძლა. რაც შეეხება საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს – გუნდი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 12-19 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ტურნირზე გუნდის მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ჩემპიონატიც ფეხბურთის ფედერაციის სრული მხარდაჭერითა და დაფინანსებით იმართება. ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარულ ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.