ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს
ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. როგორც სატელევიზიო ბრიფინგისას პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს სლოვაკეთის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა ეძლევათ. პრემიერის თქმით, სლოვაკეთი მოქმედებს ჩეხეთის მიმართ სოლიდარობით.

შეგახსენებთ, მანამდე ჩეხეთმა სამხედრო საწყობში 2014 წელს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილის გაძევების შესახებ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვმა აღნიშნულ ნაბიჯს არაკეთილმეგობრული უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ამ გადაწყვეტილებაზე საპასუხო ზომები ექნება.

„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ ბრატისლავის არამეგობრული ქმედებების გამო, რომელმაც გადაწყვიტა პრაღასთან ფსევდოსოლიდარობის გამოხატვა გაყალბებულ საქმეზე. ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს”, – განაცხადა ზახაროვამ.