ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების პირველი ტური ორდღიანია.

ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, მთავარი კანდიდატები პრორუსული შეხედულებებით ცნობილი მოქმედი პრეზიდენტი, 73 წლის მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ირჟი დრაგოში არიან.

კვლევების თანახმად, გამარჯვებული სავარაუდოდ მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.

ხმების 50%-ზე მეტს თუ ვერავინ დააგროვებს, ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება ბოლოს მან ნოემბერში, მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა. მანამდე, 2017 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მომხდარი ფაქტი უწოდა და ნახევარკუნძულის სანაცვლოდ უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდის ინიციატივით გამოვიდა.

დიდ ბრიტანეთში „ბრექსითის“ რეფერენდუმის შემდეგ, მილოშ ზემანმა მოითხოვა ევროკავშირსა და ნატო-ში ჩეხეთის წევრობის შესახებ რეფერენდუმის გამართვა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ის თავად ორივე ორგანიზაციაში დარჩენის მომხრეა.

ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტი ასევე აკრიტიკებს ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკას.
ზემანის მთავარი მოწინააღმდეგე ირჟი დრაგოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების აქტიური მომხრეა.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც მან უხეშად დაარღვია 1994 წლის ბუდაპეშტის შეთანხმებები, რომლებითაც გარანტირებული იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ჩემი აზრით, სანქციების მოქმედების საფუძველი ამ დრომდე შენარჩუნებულია“, – განაცხადა დრაგოშმა ერთ-ერთ ჩეხურ ტელეკომპანიასთან დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში.

„მე მაშფოთებს პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა, რომელიც აშკარად ექაჩება ჩეხეთის რესპუბლიკას იქით, სადაც, მე პირადად წასვლა არ მინდა. ექაჩებიან აღმოსავლეთით, პუტინის რუსეთის, ჩინეთის მხარეს“, – განაცხადა დრაგოშმა გამოცემა Actualne.cz-თან ინტერვიუში.

ირჟი დრაგოშისა და მილოშ ზემანის გარდა, ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ შვიდი კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკია. ხმის მიცემის უფლება რვა მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს. ჩეხეთის პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.