ჩეხეთში მთავრობის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ჩეხეთში მთავრობის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაღაში ჩეხეთის მთავრობის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას ჩეხეთის ტელევიზიისა და რადიოსთვის დაფინანსების შემცირება და მასზე პოლიტიკური გავლენის გაზრდა სურს.

ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლით დაფინანსებას აუქმებს და მას პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებით ანაცვლებს. როგორც ცნობილია, მოსაკრებლის ნაცვლად, ისინი მიიღებენ ფიქსირებულ წლიურ თანხებს, რომლებიც 2008-2024 წლებში სალიცენზიო მოსაკრებლიდან მიღებულ შემოსავლებთან იქნება მიახლოებული.

„როიტერი“ წერს, რომ ცვლილება ჩეხეთის ტელევიზიისა და რადიოს შემოსავლებს დაახლოებით 15%-ით შეამცირებს. ჩეხეთის ტელევიზიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ბიუჯეტის შემიცრების გამო 2 900 თანამშრომლიდან 300-დან 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევთ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ხელმძღვანელობს, კვირას შეთანხმდა მედიისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის გაუქმებაზე, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოსადგურების დაფინანსების მთავარი წყაროა. მთავრობის განცხადებით, საზოგადოების უმეტესობას არ სურს, საზოგადოებრივი მაუწყებლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს.