ჩეხეთში, ბელგიასა და ავსტრიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება
ჩეხეთში, ბელგიასა და ავსტრიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

ჩეხეთში, ბელგიასა და ავსტრიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 5 376 საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან 584 კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გადაიყვანეს. ამასთან გამოჯანმრთელდა 363 პაციენტი. სულ განკურნებულთა რიცხვი ბელგიაში 2 495-ს აღწევს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 1144 ადამიანი. მათგან 900-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებათ.

ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსს 183 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში გარდაცვლილია 1011. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1384-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 15 348 შეადგინა.

ახალი კორონავრუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა ჩეხეთშიც. ბოლო 24 საათში ჩეხეთში რვა ადამიანი დაიღუპა. თუმცა, როგორც ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ინფიცირებულთა რიცხვი, გასულ დღეებთან შედარებით, ნაკლებია.  ბოლო 24 საათში დადასტურებულია 274 ახალი შემთხვევა.

ჩეხეთში ტესტირება 60 990 ადამიანს ჩაუტარდა. სულ ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლინდა 3604 შემთხვევა.

ჩეხეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ აპრილის შუა რიცხვებში ინფიცირებულთა რაოდენობა 8000-ს მიაღწევს, ხოლო თვის ბოლოს დაავადებული 14 200 ადამიანი იქნება.

ჩეხეთის მთავრობამ 30 დღით გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადაც 11 აპრილს იწურებოდა.

ავსტრიაში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვმა 10 842-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 5,66%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტად დაზარალებულია ტიროლის რეგიონი.

ავსტრიაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-ია. გამოჯანმრთელდა 1749 ადამიანი. ავსტრიაში ხელისუფლებამ 92 000 ტესტი ჩაატარა.