ჩეხეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავება მიღწეულია
ჩეხეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავება მიღწეულია

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება კონტროლის ქვეშაა და ქვეყანა შეზღუდვების მოხსნისთვის ემზადება. როგორც ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, ადამ ვოიტექი აცხადებს, ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად ისევ ამუშავდება.

„ძალაში შესული შერბილებული ზომების შედეგად ჩვენ ნეგატიური განვითარებები არ მიგვიღია. ჩვენ გავაგრძელებთ სიფრთხილით და ეტაპობრივად შეზღუდვების შერბილებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ქვეყანაში უკვე გაიხსნა სხვადასხვა მაღაზიები და სამედიცინო დაწესებულებები.

ჩეხეთში უკვე მერვე დღეა „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი 100-ზე დაბალია, ასევე იკლებს აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ახლა 0.7-ია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული კოვიდინფიცირებულისგან დაავადება საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს გადაედება. სულ ქვეყნის მასშტაბით ახლა კორონავირუსის 7 581 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 227 ინფიცირებული დაიღუპა.