ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი – ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოჩოვა აცხადებს, რომ მომავალ კვირას უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ოთხეულის“ (ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) თავდაცვის მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება.
როგორც ჩერნოჩოვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ის არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში. მისი თქმით, უნგრელი პოლიტიკოსებისთვის „იაფი რუსული ნავთობი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ხალხის სისხლი“.
„მე პირადად არ წავალ უნგრეთში ვიშეგრადის ოთხეულის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. მათ მომავალ კვირას არჩევნები აქვთ და არ მიმაჩნია სწორად, მივიღო მონაწილეობა იქ მიმდინარე კამპანიაში. მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრდის ოთხეულს“ და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი. დიდება უკრაინას“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს არის დაგეგმილი. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის ინიციატივას.
Do Maďarska na setkání ministrů obrany V4 (st-čt) osobně nepojedu. Příští týden mají volby a není správné, abych se tam podílela na kampani. Vždycky jsem V4 podporovala a velmi mě mrzí, že pro maďarské politiky je teď levná ruská ropa důležitější než ukrajinská krev.#SlavaUkraini
— Jana Černochová (@jana_cernochova) March 25, 2022