ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არაფერს შეუძლია, შეცვალოს პირდაპირი გამოცდილება ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არაფერს შეუძლია, შეცვალოს პირდაპირი გამოცდილება ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება

არაფერს შეუძლია, შეცვალოს პირდაპირი გამოცდილება ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

ტომაშ პეტრშიჩეკის თქმით, ჩეხეთი შეშფოთებულია განსაკუთრებით იმ ფაქტით, თუ რა საფასურის გადახდა უწევთ ადამიანებს ბორდერიზაციის პროცესით, როგორ გავლენას ახდენს ეს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„ეს საშინელი ტენდენციაა. ჩემი ქვეყანა ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვეძებთ ამ გაჭიანურებული კონფლიქტის გადაწყვეტის გზებს, რადგან ეს ადამიანებს ეხება და ადამიანებს სჭირდებათ გადაწყვეტა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ტომაშ პეტრშიჩეკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილსაც შეხვდა. 80 წლის მოხუცი მას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.

ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოში 9 ივლისს ჩამოვიდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“.

დატოვე კომენტარი