ჩეხეთის საელჩო - სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საელჩო წერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო განაგრძობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
„საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად, განაგრძობს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების მონიტორინგს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. დამოუკიდებელ, თავისუფალ და პლურალისტურ მედიას კრიტიკული როლი აქვს მოსახლეობისთვის სანდო სიახლეებისა და ინფორმაციის მიწოდებაში, საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობასა და კარგად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებაში. მედია, როგორც მაკონტროლებელი, კრიტიკულად აკვირდება ძალაუფლების მქონე პირებს, იძიებს და აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რითიც ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების გაძლიერებას. დამოუკიდებელი, თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობია.
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“, – წერს ჩეხეთის საელჩო.