ჩეხეთის პრეზიდენტმა 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობაში ეჭვი შეიტანა
ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობაში ეჭვი შეიტანა. ზემანის ვარაუდით, აფეთქება შეიძლება, ასაფეთქებელი ნივთიერებების არასწორი დამუშავების გამო, შემთხვევით მომხდარიყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება რუსეთის ბრალი სავარაუდო საბოტაჟში. მილოშ ზემანმა სატელევიზიო მიმართვისას გამოძიების დეტალებზე ღიად ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად ინციდენტთან დაკავშირებით ორი ვერსია განიხილება, არაკვალიფიციური პერსონალის შეცდომა და უცხოური ჯაშუშური ჩარევა. ზემანმა თქვა, რომ მიუღებელია „ისტერიკის ნებისმიერი ფორმა და მოსახლეობა გამოძიების ოფიციალურ შედეგებს უნდა დაელოდოს“.
ზემანის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ, ჩეხეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ეს იყო გამოსვლა არა ჩეხეთის მოქალაქეებისთვის, არამედ რუსეთისთვის. ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა განაცხადა, რომ ზემანის ეჭვებმა ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ მილოშ ზემანის განცხადებები წინააღმდეგობაშია ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ პოზიციასთან, რომელიც აფეთქებაში რუსეთის დაზვერვის კვალს ხედავს.