ჩეხეთის პრეზიდენტი - დემოკრატიულ სამყაროს ჩინეთის მიმართ ერთიანი მიდგომა სჭირდება
ჩეხეთის პრეზიდენტი - დემოკრატიულ სამყაროს ჩინეთის მიმართ ერთიანი მიდგომა სჭირდება

დემოკრატიულ სამყაროს ჩინეთის მიმართ ერთიანი მიდგომა სჭირდება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პაველმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ქმედებებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აჩვენა, რომ ჩინეთი არ არის კონსტრუქციული მოთამაშე. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა გააკრიტიკეს პეკინი იმის გამო, რომ არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთის სტრატეგიული მიზნები არ არის თავსებადი ჩვენს მიზნებთან. ღირებულებები, რომელზეც ჩინეთის საზოგადოებაა აგებული, არ არის და არ იქნება ჩვენი ღირებულებები და თუ გვინდა, რომ ვიყოთ დაბალანსებული ჩინეთთან მიმართებაში, მაშინ გვჭირდება ერთობლივი მოქმედებები მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანასთან“, – განაცხადა პაველმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია ან საფრანგეთი, რომელთა ლიდერებიც ჩინეთს ეწვივნენ ბოლო თვეების განმავლობაში, ცდილობს, შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს ორმხრივ ურთიერთობებს ჩინეთთან, მხოლოდ ერთიან ევროკავშირს შეეძლება, პეკინი მოეპყროს ისე, როგორც თანასწორ პარტნიორს.

„ჩინეთი მოხარულია ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრით, ცხადია, ევროპის ქვეყნების გაყოფის ან ევროპის შეერთებული შტატებისგან გაყოფის ნებისმიერი შანსის გამო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.