ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

რომან პრიმიულა, რომელიც მარტში ჯანდაცვის სამინისტროს „კოვიდ-19“-ის მართვაში ეხმარებოდა, ადამ ვოიჩეხს ჩაანაცვლებს, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა მის მიმართ არსებული კრიტიკის გამო დღეს დატოვა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, რომან პრიმიულა ცნობილია მისი პირდაპირი და ხისტი გამონათქვამებით. რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ავიამიმოსვლა შესაძლოა, ორი წლით შემწყდარიყო, ასევე ის ვარაუდობდა, რომ ჩეხეთში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 6 000 – 8 000-ს მიაღწევდა.

ჩეხეთში ზაფხულის დასაწყისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები თითქმის მთლიანად მოიხსნა. ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჩეხეთში ბოლო 14 დღეში, ყოველ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.