ჩეხეთის მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს
ჩეხეთის მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ჩეხეთის მთავრობა მომავალი კვირიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, მათ შორის გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში საღამოს ცხრა საათიდან მოქმედებდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 აპრილს ჩეხეთში იწურება ექვს თვეზე მეტი ხნის წინ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა. გაუქმდება რაიონებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. გაიხსნება მაღაზიების ნაწილი, მათ შორის საკანცელარიო, ბავშვთა ტანსაცმლის მაღაზიები და აგრობაზრები. ასევე გაიხსნება ზოოპარკებისა და ბოტანიკური ბაღების ღია სივრცეები.

დაწყებით სკოლებში სწავლას როტაციულად განაახლებენ დაბალი კლასის მოსწავლეები. ბავშვებს კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტები გაუკეთდებათ. მაღალი კლასის მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ.

„ეს არ არის შემსუბუქება, არამედ ბავშვების რაც შეიძლება მალე სკოლებში დაბრუნების დაპირების შესრულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ჯერ მთლად სახარბიელო არაა“, – განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იან ბლატნიმ.

10,7 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით 27 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.