ჩეხეთის ხელისუფლება ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესებს თუ არა მკაცრ შეზღუდვებს
ჩეხეთის ხელისუფლება ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესებს თუ არა მკაცრ შეზღუდვებს

კორონავირუსის მზარდი შემთხვევების გამო, ჩეხეთის ხელისუფლება ორ კვირაში გადაწყვეტს, დააწესებს თუ არა სრულ ჩაკეტვას, ე.წ. ლოკდაუნს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევები ახლა ყველაზე მაღალი ტემპით ჩეხეთში იზრდება.

ჩეხეთში გასულ კვირაში ბარები და რესტორნები დაიკეტა და მხოლოდ გატანის სერვისი მოქმედებს. ასევე დაიხურა სპორტული კლუბები, თეატრები და კინოთეატრები. სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაარეგისტრირა 828 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, რაც მეზობელ გერმანიაზე 10-ჯერ მეტია.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჩეხეთში კორონავირუსული ინფექცია 171 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1 400-ზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ქვეყნის დედაქალაქ პრაღაში კორონავირუსის ზომების საწინააღმდეგო აქცია პოლიციამ დაშალა.