ჩეხეთის ელჩი - დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების კუთხით, ამას სჭირდება კონსენსუსი როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან, იმედია, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის საკითხი გადაწყდება
ჩეხეთის ელჩი - დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების კუთხით, ამას სჭირდება კონსენსუსი როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან, იმედია, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის საკითხი გადაწყდება

ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დიდი ენერგიით ვიქნებით ჩართული საქართველოში განვითარებულ მოვლენებში, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ჩეხეთს 2022 წლის პირველ ივლისს გადააბარებს. საფრანგეთის ელჩმა პრესკონფერენციაზე მისი ქვეყნის თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, ხოლო ჩეხეთის ელჩმა – სამომავლო გეგმებზე.

​„განსაკუთრებულად მივესალმებით საფრანგეთის ელჩს, რადგან ჩვენი საპრეზიდენტო ვადა იწყება მაშინ, როდესაც მათი სრულდება. საფრანგეთის საპრეზიდენტო ვადა რთული გამოდგა, რადგან რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინაში. ელჩს დიდი მადლობა სამართლიანი შეფასებებისთვის, მათ შორის საქართველოს მიღწევების შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ჩეხეთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დიდი ენერგიით ვიქნებით ჩართული საქართველოში განვითარებულ მოვლენებში. ჩვენთვის ეს პოზიცია სიურპრიზი არ ყოფილა, ეს დიდი ხნის შრომა და ძიება იყო“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.

ჩეხეთის ელჩის თქმით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ძალისხმევას რეფორმების კუთხით.

„საქართველოსაც მივანიჭებთ სტატუსს, როდესაც ამის დრო მოვა. ჩვენ ყველა ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით. ამას სჭირდება კონსენსუსი და თანამშრომლობა, როგორც ოპოზიციასთან, ისე მთავრობასთან. იმედია, წლის ბოლოს ეს საკითხი გადაწყდება“, – დასძინა ჩეხეთის ელჩმა.