ჩეხეთის ელჩი - აბსოლუტურად მიუღებელია ​სეპარატისტულ რეგიონში ადამიანების დაკავებისა და ე.წ. გასამართლების შემთხვევები, ასევე გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ
ჩეხეთის ელჩი - აბსოლუტურად მიუღებელია ​სეპარატისტულ რეგიონში ადამიანების დაკავებისა და ე.წ. გასამართლების შემთხვევები, ასევე გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ

მიუღებელია გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტერ მიკისკამ მდინარე ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია რჩება იგივე, მიუღებელია გადაადგილების შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, აიძულო ადამიანებს, გადადგან სამწუხარო და ცუდი ნაბიჯები და შემდეგ მათ მოეპყრნან, როგორც კრიმინალებს.​ სეპარატისტულ რეგიონში ადამიანების დაკავებისა და ე.წ. გასამართლების შემთხვევები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის“, – განაცხადა პეტერ მიკისკამ.

სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ.