ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებული ანდრეი ბაბიშის მოძრაობის ANO, SPD-სა და Motorists-ის წარმომადგენლებმა კოალიციურ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და პეტრ პაველს წარუდგინეს
ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვებული ანდრეი ბაბიშის მოძრაობა ANO-ს, SPD-სა და Motorists-ის წარმომადგენლებმა კოალიციურ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და პრეზიდენტ პეტრ პაველს წარუდგინეს. სამი პარტიის ლიდერი კოალიციურ შეთანხმებას ხელს 3 ნოემბერს მოაწერს.
38-გვერდიან დოკუმენტში გაწერილია ის ხედვები და პროგრამა, რომლითაც კოალიციური მთავრობა ხელმძღვანელობას გეგმავს, მათ შორის გადასახადების ნულოვანი ზრდა მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი ფასები საოჯახო თუ ბიზნესმეურნეობისთვის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოციალური შეღავათების გაფართოება, კორპორაციული გადასახადების შემცირება. საპენსიო ასაკის 65 წლით განსაზღვრა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება პრიორიტეტად დასახელდა და გაიწერა, რომ უნდა შემუშავდეს ახალი კონცეფცია, როგორ უნდა გაძლიერდეს ჩეხეთის არმია 2035 წლისთვის და ის დაფუძნებული იქნება ეროვნულ ინტერესებზე, მოკავშირეთა ვალდებულებებზე. ჩეხეთი ევროკავშირის სუვერენულ წევრად და ნატო-ს მტკიცე მოკავშირედ რჩება.
„თუმცა ევროკავშირს აქვს ლიმიტები, მას არ გააჩნია უფლება, წევრ სახელმწიფოებს მოახვიოს თავს გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს შიდა სუვერენიტეტს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დიპლომატიურ სფეროში ახალ კაბინეტს სურს, აღადგინოს ურთიერთობები ვიშეგრადის ჯგუფთან. ასევე გაწერილია პირობა, რომ ჩეხეთის წევრობა ნატო-სა და ევროკავშირში არ გახდება რეფერენდუმზე გატანის საკითხი. ნულოვანი ტოლერანტობა იქნება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ.
„ჩვენ უარს ვიტყვით ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტზე და მივიღებთ ახალ კანონმდებლობას მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების შესახებ“.
ახალ კოალიციას ასევე სურს, გააუქმოს მოსაკრებელი საზოგადოებრივი მედიისთვის. ჩეხეთის ტელევიზიისა და ჩეხეთის რადიოს აუდიტი უნდა განხორციელდეს უზენაესი აუდიტის ოფისის მიერ. აქვე აღნიშნულია, რომ ამ მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის შენარჩუნება პრიორიტეტია. პროგრამაში ასევე გაწერილია, რომ იგეგმება ბიუჯეტიდან არაკომერციული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ყველა სუბსიდიისთვის საჯარო რეესტრის შექმნა.
„ჩვენ შევქმნით საჯარო რეესტრს ყველა სუბსიდიისთვის, რომელიც გამოყოფილია არაკომერციული ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც სახელმწიფოს, ასევე მუნიციპალიტეტების, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციების მხრიდან. სახელმწიფო სახსრების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციები ვალდებულნი იქნებიან, გამჭვირვალედ აწარმოონ თავიანთი კონკრეტული ხარჯები. იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ საქმიანობას და ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, ჩვენ შემოვიღებთ ვალდებულებას, რომ ეს ფაქტი გამჭვირვალედ მიუთითონ. ჩვენ აღვკვეთთ სახელმწიფო სახსრების პოლიტიკური აქტივიზმისთვის გამოყენებას. არაკომერციულ ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების პოპულარიზაცია, მაგრამ არა გადასახადის გადამხდელების ფულით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.