ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს
ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს და საკითხზე ევროკავშირში დისკუსიებს წამოიწყებს. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მისი საომარი პოლიტიკა შედეგების გარეშე არ ჩაივლის.
ჩეხი დიპლომატის თქმით, პრაღა შეეცდება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხი აგვისტოს ბოლოს, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დააყენოს.
მანამდე ლიპავსკიმ ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას გამართლებულ და ეფექტურ ზომად მიიჩნევს.
„რუსეთის აგრესიის პერიოდში, როდესაც მისი საზღვრები მუდმივად იცვლება, არ შეიძლება, რომ საუბარიც კი იყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვეულებრივ ტურიზმზე“, – განაცხადა მან ჩეხურ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეებისთვის დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის შეზღუდვას უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ითხოვენ.