ჩეხეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადანაწილების წინააღმდეგია
ჩეხეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადანაწილების წინააღმდეგია

ჩეხეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადანაწილების წინააღმდეგია, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

ანდრეი ბაბიში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პირველად შეხვდა. პოლიტიკოსებმა, მრავალ საკითხთან ერთად, ევროპაში არსებული მიგრაციული ვითარება განიხილეს.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აფრიკელი მიგრანტების დასახმარებლად შემუშავებული „მარშალის გეგმის“ აუცილებლობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ამ ხერხით ევროპაში მიგრაციული პრობლემა დიდი ხნით მოგვარდება.

ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, ოფიციალური პრაღა დუბლინის შეთანხმების შესრულებისთვის, რომელიც მიგრანტების ევროკავშირის ქვეყნებში გადანაწილებას ითვალისწინებს, მზად არ არის.

„ჩეხეთი არასოდეს დათანხმდება მიგრანტების იძულებით გადანაწილებას. თუმცა, ჩვენ ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა გვჭირდება, რათა ხმელთაშუა ზღვაში არსებული კონტრაბანდა გაკონტროლდეს. ჩეხეთი ასევე მხარს უჭერს „მარშალის გეგმას“. ჩვენ ამ აქტივობებში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ბაბიშმა ბერლინში ვიზიტის დროს.