Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩო ოთხ გამოფენას გამართავს
Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩო ოთხ გამოფენას გამართავს

საქართველოში იტალიის საელჩო იტალიურ და ქართულ ინსტიტუციებთან ერთად ოთხ გამოფენას Check in Georgia 2018-ის ფარგლებში გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო და ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

გამოფენა „აღორძინების ეპოქის გრაფიკა“ – ტურინის სამეფო მუზეუმის კუთვნილი 50-მდე გრაფიკული დიზაინის მქონე ნამუშევარი თბილისში სავარაუდოდ, მაისში ჩამოვა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

მეორე გამოფენაა „ტიციანი, ფერთა დიდოსტატი“. ტიციანის ხელოვნება „გალერეა აკადემიას“ ეკუთვნის. ამავე მუზეუმში დაცულია ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია (ბელინი, კარპაჩო, ჯორჯონე, ვერონეზე, ტინტორეტო, ტიციანი, გუარდი, ბელოტო, ლონგი).

კიდევ ერთი გამოფენაა „ბერნინი და რომაული ბაროკო“. მე-17 საუკუნის 50 მნიშვნელოვანი ნამუშევრის გამოფენა რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში“ განთავსებული რომაული ბაროკოს მუზეუმიდან იქნება წარმოდგენილი. გამოფენა მოიცავს ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ბერნინის და, ასევე, კავალიერ დ’არპინოს, მატია პრეტის, ჯაჩინტო ბრანდის, კარლო მარატას, მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრებს.

თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა Evidence. A New State of Art კი გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV ) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე იტალიელი მხატვრებისა და ხელოვანების, მათ შორის, მიქელანჯელო პისტოლეტოს, ალბერტო დი ფაბიოს, ელიზა სტრინას, ეუჯენიო ჯილიბერტის, ლუიჯი მაინოლფისა და სხვათა ნამუშევრებს.

ეროვნულ მუზეუმში გამოფენების დათვალიერება შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში.