ჩავი შეიძლება მაინც გაუშვან - თუ „ბარსელონა“ ჩემპიონატს მესამე ადგილზე დაასრულებს; კლუბში ხელშეუხებელი მხოლოდ ხუთი ფეხბურთელია #1TVSPORT
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის ლა ლიგის სეზონის მესამე ადგილზე დასრულებას. ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად 2:4 წააგო „ჟირონასთან“ და დაკარგა ცხრილში მეორე ადგილი.
როგორც გაზეთი AS-ი წერს, საბოლოო მესამე ადგილი კლუბში ჩავარდნად ჩაითვლება. ამგვარმა შედეგმა შეიძლება რამდენიმე ახალი სცენარი წარმოშვას, რომელთაგანაც რამდენიმე მტკივნეული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ მომავალ სეზონში „ბარსელონაში“ დარჩენა გადაწყვიტა, მას მაინც არ აქვს კლუბში ადგილი გარანტირებული. მინიმალური ამოცანის – ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულების შეუსრულებლობამ შეიძლება მწვრთნელის განთავისუფლება გამოიწვიოს.
აღნიშნავენ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში კლუბი მზად იქნება, გამოეთხოვოს რამდენიმე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს, მაგალითად, რონალდ არაუხოს, ფრენკი დე იონგსა და რობერტ ლევანდოვსკის.
რამდენიმე ფეხბურთელმა, მაგალითად, პედრიმ შეიძლება დაკარგონ „ხელშეუხებლის“ სტატუსი. სერხი რობერტოსა და სხვა ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაგრძელება შეიძლება გაურკვეველი ვადით გადაიდოს – კლუბი არ გაითვალისწინებს მწვრთნელის სურვილებს.
გარდა ამისა, ჟოაო ფელიქსი და ჟოაო კანსელო, დიდი ალბათობით, არ დარჩებიან „ბარსელონაში“ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ. იმ ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის, რომლებიც სხვა კლუბებში არიან იჯარით გაშვებულნი, მათ შორის, ანსუ ფატისთვის „ბარსელონას“ კარი ასევე დახურული იქნება.
დღეს მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს კლუბში „ხელშეუხებლის“ სტატუსი. ესენი არიან: ლამინ იამალი, გავი, ფერმინ ლოპესი, პაუ კუბარსი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. სხვა ფეხბურთელებს კლუბი შეიძლება შეელიოს.