ჩავი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ - ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი, არგენტინამ გამარჯვება დაიმსახურა #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ კატარში დასრულებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა.
„მაყურებლისთვის ეს უჩვეულო დასასრული იყო. ვწუხვარ კუნდისა და დემბელეს გამო, მაგრამ ეს იყო სანახაობრივი მატჩი, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე მინახავს. არგენტინა ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას. ისინი უკეთ თამაშობდნენ, ისევე როგორც ლეო. ცოტა უცნაურია, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული არ ჰქონდა. ახლა მან ეს უკვე შეძლო და მუნდიალი მოიგო, ამიტომ ისღა დამრჩენია, რომ მივულოცო, რადგან მესი ამ წარმატებას იმსახურებს. მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესოებმა უნდა გაიმარჯვონ“, – ციტირებს ჩავის სიტყვებს გამოცემა AS-ი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. არგენტინელებმა პენალტების სერია 4:2 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.