ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.

„ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან“ ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან – მარჯვნივ.