ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. მოკლული 58 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მოკლულის თანმხლები, სროლის შედეგად დაჭრილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ცეცხლსასროლი ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიყენებული. როგორც თვითმხილველები პირველ არხთან ჰყვებიან, დაჭრილი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე ცხრა გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, მათივე თქმით, მკვლელი არ დაუნახავთ.

როგორც მოკლულის ნათესავები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, მამაკაცი ვაკეში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, მოკლულს ბიზნესი მოსკოვში ჰქონდა. მოკლულის ახლობლების თქმითვე, არაფერი სმენიათ დაძაბული ბიზნესურთიერთობებისა და საქმიანობაში რაიმე პრობლემების შესახებ.

მკვლელობა ჭავჭავაძის 9 ნომერთან მოხდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.