ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობის ფაქტზე დაკავებული გელა უძილაურის ადვოკატი მარიამ ტაბატაძე ბრალდებულს ამ წუთებში დროებითი მოთავსების იზოლატორში ხვდება.
როგორც შესვლამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს.
„გუშინ შევხვდი, ვიდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებდნენ. კომუნიკაცია გვქონდა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. უარი არაფერზე განუცხადებია, მონაწილეობა მიიღო ყველაფერში, ჩვენებაც მისცა და ამ დროისათვის იყენებს მისთვის კანონიერად მინიჭებულ დუმილის უფლებას, ჩვენების ფარგლებში დუმილის უფლება დააფიქსირა. გაოგნებული იყო. დღეს უნდა შევხვდე პირისპირ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. ზოგადად, მოცემულობით გაოგნებული იყო. ჩემთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ჩატარებულა. ველოდები მასალების გადმოცემას“, – განაცხადა მარიამ ტაბატაძემ.
ადვოკატის განცხადებით, გელა უძილაურს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს, 15:00 საათზე დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგენენ. მისივე თქმით, თუ დღეს მიმართა პროკურატურამ სასამართლოს, შესაძლოა, საქმეზე სასამართლო პროცესი დღესვე ჩატარდეს.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა 14 მარტს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.