ჭავჭავაძის გამზირზე „ლედ“ განათების სისტემა მონტაჟდება
ჭავჭავაძის გამზირზე „ლედ“ განათების სისტემა მონტაჟდება

ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის „ლედ“ (LED) განათების სისტემა მონტაჟდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით 180 ბოძი.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ლედ განათების მონტაჟი თავიდანვე გათვალისწინებული იყო და როგორც ყოველთვის ვამბობდით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლოს უნდა მომხდარიყო. დღეს ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას და მონტაჟდება ის ნაწილი, რომელიც უკვე ჩამოტანილია. თვის ბოლოს სანათები სრულად უნდა იყოს ადგილზე. აღნიშნული სისტემა თავისი დიზაინით არსებული სანათებისგან განსხვავებულია და ამ ულამაზეს გამზირს ძალიან დაამშვენებს. განათების ძველი ბოძები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სანათები კი ევროპული სტანდარტისაა. მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება, ყველგან ანალოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული, თუმცა ქუჩის სიდიდიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე განსხვავებული მიდგომა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების „ლედ“ განათების სისტემის დამონტაჟებამდე, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 200 000 ლარია, ჭავჭავაძის გამზირზე სრულად შეიცვალა გარე განათების ქსელი და ელექტროსადენები მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები მიწისქვეშა კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.