ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულები ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში მოინახულა
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულები ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში მოინახულა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში მოინახულა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო არიან დაკავებულები.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის შედგენა. გადაიყვანენ თუ არა დროებით მოთავსების იზოლატორში, ჯერ უცნობია, თუმცა თუ ეს მოხდება, ჩემი წარმომადგენელი დაკავებულებს მოინახულებს. ვკითხე თითოეულ მათგანს ხომ არ აქვთ პრეტენზია სახალხო დამცველთან და როგორი არის მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირებით იყო გარკვეული წუხილები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მას არ აქვს რაიმე პრეტენზია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს.

შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოხდა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძის სახლისკენ მსვლელობით მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდა. მომიტინგეების თქმით, შემდგომ აქციებს სოციალური ქსელით დააანონსებენ.