ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 აპრილს გაგრძელდება
ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 აპრილს გაგრძელდება

ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 აპრილს გაგრძელდება.

სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო, რადგან მათ სამართალდამცავი უწყებისგან მტკიცებულებების გადაცემა და გაცნობა მოითხოვეს.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა, ამბობს, რომ სამართალდამცავ უწყებას მტკიცებულებებს შორის სასამართლოზე არ აქვს წარმოდგენილი ვიდეომასალა, რომელიც პირდაპირ აჩვენებდა, რამდენად კანონიერად მოხდა მათი დაკავება იმ მუხლებით, რასაც ედავებიან. მათ შორის გინება, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და საავტომობილო გზის გადაკეტვა.

მენაბდის განცხადებით, მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია ამ ბრალდების დასამტკიცებლად, თუ რა მტკიცებულებები გააჩნია სამართალდამცავ უწყებას და მისი თქმით, ისინი აქციაზე მათი კონსტიტუციური უფლების ფარგლებში მოქმედებდნენ.

პირველ აპრილს ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე, რომლითაც აქციის მონაწილეები სამშენებლო სამუშაოებისას ორი ადამიანის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს. ისინი პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით აიყვანეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 აპრილს 11:00 საათზე გაგრძელდება.