ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის, ტროტუარის მოპირკეთებისა და გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები.

ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოები ხვალ დასრულდება და საავტომობილი მოძრაობა სრულად აღდგება. რაც შეეხება ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ასფალტის საფარის ბოლო ფენა ეტაპობრივად დაიგება.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.