ჭავჭავაძის გამზირის N33-ის მცხოვრებლები მეზობლად კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ჭავჭავაძის გამზირის N33-ის მცხოვრებლები მეზობლად კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის  N33-ის მცხოვრებლები მეზობლად მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივებმა დღეს გამართულ აქციაზე განაცხადეს, მერიამ აღნიშნულ ობიექტზე, სადაც 22-სართულიანი კორპუსი შენდება, მშენებლობის ნებართვა არაერთხელ შეაჩერა, თუმცა 1 თებერვლიდან კომპანიას მშენებლობის განახლების უფლება მიეცა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები მშენებლობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზეც საუბრობენ.

„2013 წელს გაუქმდა მშენებლობის ნებართვა. 1 თებერვალს კი, დეველოპერს მიეცა უფლება გაეგრძელებინა სამუშაოები. უამრავი პრობლემა იჩენს ადგილზე თავს. აქვეა გაზგამანაწილებელი სადგური. უსაფრთხოების ნორმებით დადგენილია, რომ გაზგამანაწილებელი სადგურიდან 10 მეტრის რადიუსში მშენებლობა აკრძალულია. გარდა ამისა დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიც, რადგან ამ სახლებს შორის მანძილი 8-10 მეტრია“, – განაცხადა აქციის მონაწილე გია ყალაბეგიშვილმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ გარდა, მშენებლობის მიმართ პრეტენზია აქვს თურქეთის საელჩოსაც, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ალეკო ელისაშვილიც შეურთდა, რომელმაც მშენებლობას უკანონო უწოდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ აღნიშნულ ადგილზე სტადიონი და სკვერი იყო.

„არსებობდა სამხარაულის დასკვნა, ასვეე, მერიის დასკვნა, რომ სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან გაზის გამანაწილებელი სადგურია განთავსებული, მშენებლობა არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ კახა კალაძემ და კომპანიამ მოძებნეს ვიღაც ნამუსგარეცხილი ექსპერტი, რომელსაც დააწერინეს, რომ აქ მშენებლობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და სამუშაოები ამის საფუძველზე დაიწყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.