ჭავჭავაძის გამზირი, ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე, 15 ივნისამდე სრულად ჩაიკეტება
ჭავჭავაძის გამზირი, ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე, 15 ივნისამდე სრულად ჩაიკეტება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, დღეიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია.

„ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები) მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გამზირზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის დროს გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.