ჩარლი კირკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი შვიდი დანაშაულისთვის წაუყენეს, იუტის ოლქის პროკურორი ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვს
ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულ ტაილერ რობინსონს ბრალი შვიდი დანაშაულისთვის წაუყენეს. იუტის ოლქის პროკურორი მის სიკვდილით დასჯას ითხოვს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
წაყენებულ ბრალდებებს შორისაა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა და გამოყენება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, მოწმეებზე ზემოქმედება და ძალადობრივი დანაშაულის ბავშვების თანდასწრებით ჩადენა.
იუტის ოლქის პროკურორის, ჯეფ გრეის განცხადებით, ჩამოთვლილი დანაშაულები საკმარისია იმისთვის, რომ ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯა მოითხოვოს.
ამასთან, იუტის ოლქის პროკურორმა ჩარლი კირკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრა.
ჯეფი გრეის განცხადებით, პოლიციამ მკვლელობის ადგილთან ახლო პერიმეტრზე იპოვა პირსახოცში გახვეული სნაიპერული შაშხანა, რომელშიც სამი გამოუყენებელი და ერთი გამოყენებული ვაზნა იყო. ვაზნაზე ბრალდებულს, ტაილერ რობინსონს წარწერები ჰქონდა გაკეთებული: „ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ“, „ბელა ჩაო, ბელა ჩაო“.
როგორც იუტის ოლქის პროკურორმა განმარტა, რობინსონის დედამ ტელევიზორის საშუალებით იხილა ეჭვმიტანილის ფოტო და შვილი ამოიცნო. შემდგომ შვილს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ ავად იყო და სახლში რჩებოდა. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ რობინსონს ბოლო დროს მემარცხენე შეხედულებები ჰქონდა, განსაკუთრებით LGBTQ უფლებების თემაზე.
ამასთან, პროკურორმა წარადგინა რობინსონისა და მასთან ერთად მცხოვრები ტრანსგენდერი პარტნიორის მიმოწერა. რობინსონმა მას წერილი დაუტოვა. „მე მქონდა შესაძლებლობა, ჩარლი კირკი მომეშორებინა და ამ შანსს გამოვიყენებ“, – აღნიშნული იყო წერილში.
ამასთან, რობინსონი პარტნიორს აწვდიდა ინფორმაციას თავისი გადაადგილების შესახებ.
იუტის ოლქის პროკურორმა ჯეფ გრეიმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ოჯახის მეგობრის, ყოფილი სამართალდამცველის რჩევით, ტაილერ რობინსონი 33-საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.
ცნობისთვის, 22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალად ედება 10 სექტემბერს კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა. ის მომხდარიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.