აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მოსახლეობას კარანტინის პირობებშიც ექნება საშუალება, მინერალური სასუქები და პესტიციდები შეიძინოს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - მოსახლეობას კარანტინის პირობებშიც ექნება საშუალება, მინერალური სასუქები და პესტიციდები შეიძინოს

აგრომაღაზიებში მარაგების პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას კარანტინის პირობებშიც ექნება საშუალება, შეიძინოს მინერალური სასუქები და პესტიციდები, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეცნობა.

მინისტრი შუახევის აგროცენტრსაც ეწვია.

„იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში შევძლოთ პროცესების უკეთესად მართვა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. მოსახლეობას აგროქიმიკატების მომარაგების პრობლემა რომ არ შეექმნას,  მნიშვნელოვანია, ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობდეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კოორდინაციაზე, მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში ვცდილობთ, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაცია დამყარდეს“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება, დილით 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებში შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება.