მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა საზოგადოებაში იმ მიზეზით დაგროვდა, რომ წლების განმავლობაში შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობა საზოგადოებაში იმ მიზეზით დაგროვდა, რომ წლების განმავლობაში შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა

ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად ახალ დოკუმენტზე მუშაობს, რომელიც ძალაში  მიმდინარე წლის მაისში შევა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისა და მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობა ძალიან სერიოზული და მტკივნეული პრობლემაა, გადაზრდილია ისეთ მასშტაბში, რომლის აღმოფხვრას სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა.

მინისტრმა განმარტა, რომ ჭარბვალიანობა არის მდგომარეობა, როდესაც მოქალაქეს სესხის მომსახურებაზე საკუთარი განკარგვადი შემოსავლის არაორდინალურად მაღალი ნაწილის გადახდა უწევს.

მისი თქმით, არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითია ის, რა მიზეზითაც ჭარბვალიანობა წარმოიქმნა. ხდებოდა დიდი ენერგიის ფოკუსირება იმაში, რომ მოსახლეობას მიეღო სესხები შემოსავლის დოკუმენტის გარეშე, რაც ერთგვარ მოდად და შემდეგ ტრენდად იქცა.

ჭარბვალიანობა დაგროვდა საზოგადოებაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა წლების განმავლობაში. ეს არის მიუღებელი პრაქტიკა, მიუღებელი პრაქტიკა ევროპისთვის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ პრობლემას სჭირდება კონკრეტული გადაჭრის გზები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, რომელშიც გაწერილი იქნება რეგულაციები და კონკრეტული ზღვარი, თუ განკარგვადი შემოსავლის რა ნაწილს შეიძლება იხდიდეს მოქალაქე ვალდებულებების დასაფარად.

„ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს. მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ მაისში ეს დოკუმენტი შევა ძალაში, რომელსაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაფინანსების პოლიტიკის შემოღება. ეს აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში და ეკონომიკაში. დოკუმენტში დაფიქსირებული იქნება სესხის მომსახურების კოეფიციენტები. არ შეიძლება ადამიანი თავისი განკარგვადი შემოსავლიდან იხდიდეს იმ რაოდენობის თანხებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მოსახლეობაში არის დაფიქსირებული. სწრაფი და ონლაინ-სესხების შემთხვევაში, ეს პრობლემა კიდევ უფრო რთული და მტკივნეულია“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, დოკუმენტში დაფიქსირებული იქნება პროცედურები, რომლითაც არათუ შემცირდება ჭარბვალიანობა, არამედ სამომავლოდ მისი პრევენციაც მოხდება.

„ახალი რეგულაცია მნიშვნელოვანწილად გააკეთებს პრევენციას ჭარბვალიანობის პრობლემაზე, იქ ჩადებული ფილტრები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ საშუალო ვადაში დავიწყოთ და კონკრეტულად ეკონომიკაში ვიხილოთ ნაკლები ჭარბვალიანობის დონე“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებასთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი არ იქნება, რეგულაციები გამკაცრდება.

მისი თქმით, პირველადი დოკუმენტი საკმაოდ გამართულია, გაწერილია შემოსავლის რა პროცენტი უნდა მიდიოდეს კრედიტების პროცენტებისა და ძირი თანხის დაფარვაზე. ამასთან, მინისტრის განცხადებით, დაცულია ჯანსაღი ბალანსი ბიზნესის განვითარებასა და მოქალაქის ინტერესის დაცვასთან დაკავშირებით, რომ აღარ იყოს ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანი, თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს იხდის სესხის მომსახურებაზე.

ჭარბვალიანობის თემა სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დოკუმენტი, რეგულაცია, ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჭარბვალიანობა შევამციროთ და  მეორეს მხირვ, მოხდეს პრევენცია, რომ ეს პრობლემა მომავალში აღარ დადგეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.