ჩანთის ქურდობაში ბრალდებულ ქართველს მალტის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ჩანთის ქურდობაში ბრალდებულ ქართველს მალტის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მალტის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ჩანთის ქურდობისთვის გაასამართლა. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ლაშა მენაღარიშვილი წვრილმან ქურდობაში იყო ბრალდებული.

მის წინააღდეგ აღძრულ საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. ამ ჩანაწერში, საქმის მასალების მიხედვით, ასახულია, თუ როგორ მიდის უცნობი მამაკაცი მარტო მჯდომ ნასვამ გოგოსთან, აცლის ჩანთას და საკუთარ ქურთუკში იდებს.

ჩანთაში გოგოს მობილური ტელეფონი, საფულე, საბანკო ბარათები, მართვის მოწმობა და ფული ედო.

38 წლის ლაშა მენაღარიშვილი მალტის პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერში იდენტიფიცირების შემდეგ დააკავა.

ქართველმა ბრალდებულმა სასამართლოზე აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას ერთწლიანი პატიმრობა და ორწლიანი პირობითი მიუსაჯეს.